ყველა დროის 50 საუკეთესო საფორტეპიანო სიმღერა (ყველა ჟანრი) | FM - ფანტაზიები | 12.05.2024

12 მაისი 2024, 13:49 1055 ნახვა

ყველა დროის 50 საუკეთესო საფორტეპიანო სიმღერა (ყველა ჟანრი) | FM - ფანტაზიები | 12.05.2024

ამქვეყნად, ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილ საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის, ფორტეპიანოს ცენტრალური ადგილი უკავია.

 მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის, ყველა დროის საუკეთესო საფორტეპიანო კომპოზიციის შერჩევა, “ფმ ფანტაზიების” მომდევნო გადაცემებში ვეცდები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოგიდგინოთ, ბაროკოს ეპოქიდან 21-ე საუკუნემდე, 50 ნიმუში, რომელიც ფორტეპიანოს ძლევამოსილებას მუსიკის ინდუსტრიაში დანამდვილებით ადასტურებს. რადგან, არც თუ ისე ბევრი ინსტრუმენტია ისეთივე უნივერსალური, მრავალმხრივი და აქტუალური ჟანრობრივ უკიდურესობებში, მრავალფეროვნებაში და ამასთან, ემოციის ესოდენ მკაფიოდ გამომხატველი, როგორც ფორტეპიანო.

#1. Prelude and Fugue No. 2 in C Minor – J.S. Bach (1722)

(Glenn Gould - Prelude And Fugue No. 1 In C Major, BWV 846:Prelude) იოჰან სებასტიან ბახი - გერმანული ეროვნული გენიის განსახიერება. მან შეისისხლხორცა არამარტო ის, რაც იყო საუკეთესო გერმანულ მუსიკაში, არამედ მოახდინა სინთეზი თავისი დროის მთელი მუსიკალური კულტურისა. მან შექმნა წარუვალი ღირებულების ხელოვნების ქმნილებები. ბახმა უსაზღვროდ გააფართოვა მუსიკალური ხელოვნების ჰორიზონტები, რითიც უზარმაზარი ბიძგი მისცა მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ჩამოყალიბებას. ინსტრუმენტული მუსიკის ინტენსიური განვითარება დამახასიათებელი იყო 7-ე, 8-ე საუკუნეების ხელოვნებისთვის. განსაკუთრებული აღმავლობა საკლავირო მუსიკის განვითარებაში 18-ე საუკუნის პირველ ნახევარში შეიმჩნევა. ის დაკავშირებულია ისეთი ოსტატების მოღვაწეობასთან, როგორებიც იყვნენ კუპერენი, სკარლატი, ჰენდელი, ბახი და სხვანი, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ბახის დამსახურება. მან პირველმა შეიგრძნო კლავირის უნივერსალურობა და ეს ინსტრუმენტი ნამდვილ შემოქმედებით ლაბორატორიად აქცია, სადაც თავისუფლად შეეძლო ყველაზე თამამი იდეების განხორციელება. ახალ ჟანრებსა და ცალკეულ ნაწარმოებებზე მუშაობისას ბახი ითვალისწინებდა არამარტო უშუალოდ საკლავესინო ინსტრუმენტის თავისებურებებს, არამედ სიახლეებს, რამაც მოიტანა საზოგადოდ მუსიკალური კულტურის განვითარება, სრულიად განსხვავებულ ჟანრებში. “პრელუდია და ფუგა No2” დო მინორი, ბახის უკიდეგანო ნიჭის შესანიშნავი მაგალითია ერთმანეთს შეუთავსოს რთული, კომპლექსური ხმები. ეს არის მეორე ნაწარმოები მისი “კარგად ტემპერირებული კლავირის” პირველი ტომიდან, თუმცა ორივეში კომპოზიტორმა წარმოადგინა სხვადასხვა პრელუდია და ფუგა, ყველა მაჟორულ და მინორულ ტონალობაში და შემოგვთავაზა ფუგის, სტრუქტურული და პოლიფონიური ხერხების თავბრუდამხვევი მრავალფეროვნება. როდესაც ბახი მათ მეტად ბახმა ეს  შედევრები მოკრძალებული ჩანაფიქრით შექმნა: ისინი პედაგოგიური მიზნით დაიწერა. კომპოზიტორს სურდა პრაქტიკაში დაენერგა უნარი გამოეყენებინათ ტემპერირებული წყობის ყველა ტონალობა. “კარგად ტემპრირებული კლავირის” ორივე ტომის პიესები განლაგებულია ერთი პრინციპით. თითოეული პრელუდია და ფუგა დამოუკიდებელი ნაწარმოებია, ისინი ტონალობითაა გაერთიანებული: პრელუდია და ფუგა დო მაჟორი, პრელუდია და ფუგა დო მინორი, პრელუდია და ფუგა დო დიეზ მაჟორი, პრელუდია და ფუგა დო დიეზ მინორი და ა.შ. ამრიგად, ქრომატული რიგით მოცულია მთელი წრე მაჟორულ-მინორული კილოს დიეზიანი და ბემოლიანი ტონალობებისა.  ისინი დღემდე ითვლებიან საკლავირო პოლიფონიური მუსიკის სწორუპოვარ ნიმუშებად. შემთხვევითი არაა, რომ ამ ნაწარმოებებზე სწავლობდნენ კაცობრიობის უდიდესი მუსიკოსები: ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი, ლისტი და სხვანი…

#2. “Turkish March” – Mozart (1784)

რონდო - ძალზედ აქტუალური და არა მხოლოდ კლასიკაში გავრცელებული და მუსიკალური ფორმაა, რომელიც სათავეს იღებს ხალხური სიმღერებიდან და ეფუძნება ერთ მთავარ, ძირითად, უცვლელ რეფრენს და ახალ-ახალი თემების, ეპიზოდების მონაცვლეობას. იგი სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა კომპოზიტორს დაუწერია, საკუთარი გემოვნების, მუსუკალური ხედვის და იმ დროინდელი მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ნაწარმოებები ბუნებრივად ჟღერს და მარტივად ისმინება. “ფმ ფანტაზიებში” ახლა, ამქვეყნად რონდოს ერთერთ ყველაზე ცნობილ შედევრს მოუსმენთ. ეს არის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სონატა ფორტეპიანოსთვის, რომელიც კომპოზიტორმა იგი ვენაში 1783-1784 წლებში დაწერა.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ნაწარმოების მესამე ნაწილმა, ცნობილმა სახელწოდებით “თურქული მარში”. Alla Turca წარმოადგენს რონდოს ფორმაში დაწერილ ალეგრეტოს ლა-მინორში, რომელიც მთავრდება ლა-მაჟორში. სხვათა შორის, 2014 წელს, ერთმა უნგრელმა ბიბლიოთეკარმა ბუდაპეშტის სეჩენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა მოცარტის სონატის ხელნაწერი ორიგინალი ოთხი გვერდი. იქამდე კი მხოლოდ ნოტების ბოლო გვერდი იყო ცნობილი. ოთხივე გვერდის ქაღალდი და ხელწერა დაემთხვევა ემთხვევა ზალცბურგში დაცულ პარტიტურას.

#3. “Moonlight” Sonata – Beethoven (1802)

მომდევნო გენიალური მუსიკალური ნაწარმოები, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა 1800-1801 წლებში შექმნა, მიუძღვნა 18 წლის გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდს, რომელიც იმ პერიოდში დადიოდა მასთან მუსიკის გაკვეთილებზე და რომელზეც დიდი მაესტრო უგონოდ იყო შეყვარებული. საბოლოოდ ჯულიეტამ უარყო ბეთჰოვენის სიყვარული და ცოლად ავსტრიელ კომპოზიტორს, გრაფ ვენცელ რობერტ გალენბერგს გაჰყვა. სწორედ ამ უიღბლო სიყვარულის წყალობით შეიქმნა მუსიკის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. იცოდით, რომ დასახელება, რომლითაც ამ კომპოზიციას დღევანდელობაში მოვიხსენიებთ, ბეთჰოვენს კი არა, გერმანელ რომანისტსა და მუსიკალურ კრიტიკოსს ლუდვიგ რელშტაბს დაურქმევია, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, რადგან ფიქრობდა, რომ ნამუშევარი მას ლუცერნის ტბაზე არეკლილ მთვარის შუქს მოაგონებდა.

#4. “Für Elise” – Beethoven (1810)

„ელიზესთვის“ — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ 1810 წელს დაწერილი მუსიკალური კომპოზიცია ფორტეპიანოსათვის ლა-მინორში. გერმანელი მუსიკათმცოდნის ლუდვიგ ნოლის ცნობით ორიგინალ პარტიტურაზე სათაურად გაკეთებული იყო წარწერა: „ელიზესთვის 27 აპრილს, სახსოვრად ლ. ვ. ბთჰვნ-ისგან“, შემდეგ კი ეს გრძელი სათაური შეამოკლეს. ნაწარმოების შექმნის თარიღი დადგენილია ბეთჰოვენის ერთ-ერთი ესკიზის საშუალებით. იმის შესახებ, თუ ვის მიუძღვნა კომპოზიტორმა ნაწარმოები, რამდენიმე თეორია არსებობს. 1923 წელს ბეთჰოვენის მკვლევარი მაქს უნგერი დაეჭვდა კომპოზიციის სახელწოდების წარმომავლობაში, რადგან, მისი აზრით, ბეთჰოვენის ცხოვრებაში არ არსებობდა ქალი სახელად „ელიზე“. მკვლევარმა მიიჩნია, რომ ეს სახელი სათაურის მოგვიანებით შეცდომით წერილობითი გადმოტანის შედეგი უნდა იყოს, რომ ეს სათაური შეცდომით იყო გადმოტანილი, თავდაპირველი სათაური კი იქნებოდა „ტერეზასთვის“, იგულისხმება ტერეზა მალფატი, რომელსაც ბეთჰოვენმა სწორედ 1810 წელს თხოვა ხელი, თუმცა ქორწილი არ შედგა. მეორე ვერსიის თანახმად, რომელიც მკვლევარ კლაუს მარტინ კოპიცს ეკუთვნის, ბეთჰოვენმა ნაწარმოები მიუძღვნა იმ დროისათვის 17 წლის გერმანელ ოპერის მომღერალ ელიზაბეტ რეკელს, რომელიც კომპოზიტორთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო. ისტორიკოსები დღემდე ფიქრობენ, ეჭვობენ, ვარაუდობენ... ერთი რამ ფაქტია, ისტორიაში ფორტეპიანოს ერთერთ ყველაზე საკულტო პარტიას სწორედ ეს კომპოზიცია შეიცავს, რომელსაც პირველი ორი ნოტის გაგონებისთანავე ამოიცნობთ.

#5. Fantasie Impromptu – Chopin (1834)

პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი, განსაკუთრებული ლირიზმისა და სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემის მანერით, მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა და პოეტიზმი. შეიტანა დრამატიზმი ცეკვებში — მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო, ანუ სახუმარო ხასიათის პიესები გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა... შოპენი ფორტეპიანოს ერთერთი უმთავრესი, კვინტესენციური კომპოზიტორია. სწორედ მან დაწერა ამ ინსტრუმენტის ზოგიერთი ყველაზე (ან ზოგიერთი ან ყველაზე) საკულტო ნაწარმოები, შესასრულებლად ურთულესი შედევრები, მათ შორის ე.წ. "ერთწუთიანი" ვალსი და "ფანტაზია ექსპრომტი".

#6. Hungarian Rhapsody No. 2 – Liszt (1847)

რომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ფერენც ლისტი როგორც პიანისტი, საკუთარი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გახდა სახელგანთქმული. ჯერკიდევ იმ დროისთვის მიიჩნეოდა  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან, 40-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი ვირტუოზული შესრულებითა და საკმაო ფიზიკური მიმზიდველობით უბადლო რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, „ლისტომანია“, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. თუკი ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია მოიზიდა. მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს, რომელთა შორის არიან: შოპენი, ალკანი, ვაგნერი, ბერლიოზი, შუმანი, სენ-სანსი, გრიგი, გლინკა, ბოროდინი... ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონიეს მის თანამედროვეებზე და განჭვრიტეს XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შედევრებს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად. გვიანი ნამუშევრები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ადრეული სტილისგან, შეიცავენ ექსპერიმენტებს ატონალობაში, რამაც მოასწავა XX საუკუნის სიურეალისტური მოძრაობა.