განსხვავებული მეთოდოლოგიით შექმნილი "პრესტიჟული რეიტინგი" - ყველა დროის საუკეთესო სიმღერები

27 მარტი 2022, 12:55 2499 ნახვა

განსხვავებული მეთოდოლოგიით შექმნილი "პრესტიჟული რეიტინგი" - ყველა დროის საუკეთესო სიმღერები

არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა მსოფლიო კულტურის შესახებ Rolling Stone-მა გამოაქვეყნა „ყველა დროის საუკეთესო სიმღერების განახლებული სია“ - ექსპერტებმა ხუთასი კომპოზიცია შეარჩიეს. ვიდრე მუსიკალური ინდუსტრია ინტერნეტში გადაინაცვლებდა (პირადი ვებ-გვერდების ონლაინ-მაღაზიები, სტრიმინგ-პლატფორმები, ვირტუალური კონცერტები, კლიპები ვიდეო-სერვერებზე, სოციალური მედია), ასეთი სიები ხშირად გვკარნახობდნენ, ვისი დისკები უნდა შეგვეძინა მუსიკალურ მაღაზიებში. დღეს კი, მსგავსი პუბლიკაციები თავად გამომცემლობისთვისაც მნიშვნელოვანია. ადამიანები აზიარებენ ბმულებს, აქტიურად განიხილავენ სოც-ქსელებში... მაგრამ მიზეზი, რის გამოც ეს სია ასე ეკლექტიკურია  - შერჩევის მეთოდოლოგიაშია. ჟურნალმა შეიმუშავა საკმაოდ „ჭკვიანი“ გამოკითხვის სისტემა და მიიწვია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არტისტები, ბლოგერები, ჟურნალისტები და პროდიუსერები, რომლებმაც თავიანთი ფავორიტები დაასახელეს ობიექტური ინდიკატორების უგულებელყოფით: არც კომერციული წარმატება, არც მიღებული ჯილდოებისა თუ შემდგომში ჩაწერილი ქავერების რაოდენობა იყო განმსაზღვრელი კრიტერიუმი. რედაქციამ თითქოს მოსალაპარაკებლად შეკრიბა სხვადასხვა თაობის ადამიანთაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც საბოლოოდ ერთ ვერსიაზე შეჯერდნენ. სწორედ ეს პრესტიჟული რეიტინგია, გასულთა მსგავსად, „ფმ ფანტაზიების“ დღევანდელი და მომდევნო გადაცემების თემა.