ბათუმში „ბორჯღალოსნების“ ისტორიულ გამარჯვებას გავლენიანი მედიაგამოცემები ეხმაურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Daily Mail, Rugby World, Rugbypass, La Reppublica, La Gazzeta dello Sport და სხვა პოპულარული გამოცემები ქართველი მორაგბეების წარმატებას ისტორიულს უწოდებენ.
დეპარტამენტის ინფრომაციით, ყველა გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა ბათუმიც, როგორც გამარჯვებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძელი ქალაქი.
„ბათუმის თბილ კვირა საღამოს, ,,ბორჯღალოსნებმა'' ისტორია შექმნეს. იტალიასთან 25-19 ანგარიშით, მათ ისტორიაში პირველად დაამარცხეს პირველი დონის გუნდი“- ასე იწყებს სტატიას პოპულარული სპორტული პორტალი RugbyPass, რომლის სტატიებსაც სოციალურ მედიაში 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.
„ბათუმში, ევროპის მეექვსე გუნდი მეშვიდეს ხვდებოდა და 20-ათასიან სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფერო თავიდანვე მოასწავებდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ასეთი რანგის მეტოქის დამარცხება და ქომაგებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო. ბოლო წუთებზე ანგარიში 28:19 იყო და გულშემატკივრების ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ისტორია გადაიწერა. საქართველომ მოიგო, მორაგბეები და ქომაგები კი ერთიანად აფეთქდნენ”, - წერდა გამოცემა.
ექვსი ერის ჩემპიონატში საქართველოს მიღებაზე საუბრობს გავლენიანი გამოცემები. მათ შორისაა Rugby World, რომლის ჟურნალისტიც მორაგბეების დამსახურებულ გაწევრიანებასთან ერთად ბათუმსა და თბილისში ექვსი ერის თამაშების გამართვის სარგებელს უსვამს ხაზს.
„რთულია არ აღნიშნო, რომ „ექვს ერს“ საქართველოს ჩართვა სარგებელს მოუტანს. თბილისში ან ბათუმში მოგზაურობა პარიზთან და რომთან შედარებით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი იქნება მოგზაურებში,“ - ამბობს ჟურნალისტი.
„მოძრავი მატჩების ქვეყნის მასშტაბით ჩატარება საქართვლოსთვის რაგბის მიმზიდველობის გაზრდის გეგმის ნაწილია. რაგბი საქართველოს ეროვნული სპორტია და მისი სიყვარული აქ აშკარაა. ბათუმში უნდა ყოფილიყავი ეს რომ გაგეაზრებინა,“ - წერს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Daily Mail, ამასთან, აღნიშნავენ, რომ “გამარჯვებას არა მხოლოდ სტადიონზე მყოფი ხალხი, არამედ მთელი ერი ზეიმობდა”.
მათივე ცნობით, იტალიისთვის საქართველოსთან მარცხს „ყინულის შხაპს“ უწოდებს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport , რომლის ავტორიც წერს, რომ იტალიელებისთვის ეს მძიმე და დამსახურებული მარცხია, საქართველო კი იმსახურებს თავის დამსახურებულ ადგილს დიდი რაგბში.
„ბათუმში ატმოსფერო ძალიან ცხელია, გულშემატკივრების აქტიურობა და მოედანზე გასული „ლელო“ აშკარად ხდის, რომ საქართველოსთვის ეს ცხოვრების თამაშია. საქართველო ზეიმობს. ეს არ იყო სხვების მსგავსი თამაში, ეს არ იყო წასაგები თამაში. ეს იყო ყინულის შხაპი, რომელიც იტალიელებმა დაიმსახურეს“,- აღნიშნავენ გამოცემაში.
ქართველი მორაგბეების დამსახურებულ გამარჯვებას უსვამს ხაზს კიდევ ერთი იტალური გამოცემა „La Reppublica”.
„ბორჯღალოსნების გუნდი ამტკიცებს, რომ აძურზე უფრო ძლიერია, რაც ამძაფრებს მის მისწრაფებას, დაიკავოს ადგილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში.“
ბათუმს რაგბის თამაშისთვის შესაფერის ადგილს უწოდებს Daily Mail.
„ეს ქართული რაგბისთვის შესაფერისი ადგილი და შესაძლებლობა იყო შემდეგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. ქალაქ ბათუმის მსგავსად, მთავარ მწვრთნელ მაისაშვილს და მის გუნდსაც ამბიციური გეგმები აქვთ.“