უმრავლესობა ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ პოლარიზაციის პროცესი ქვეყანაში. არ შეუწყონ ხელი ოპოზიციის დღის წესრიგს, რომელიც მათი თქმით, რადიკალიზაციაზე გადის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს და სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში და ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას იზიარებს. ზოგადად მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დეპოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ თავისი პასუხისმგებლობა გაითავისოს. ქართული ოცნების წევრი მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება 12 პუნქტზე მუშაობას სრული პასუხისმგებლობით და სერიოზულობით აპირებს. ოპოზიციის განცხადებით, ევროპარლამენტარების ანგარიშმა აჩვენა, რომ რეფორმების გაგრძელებას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ამასთან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული პერსპექტივისთვის შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება.