უკრაინაში ომის 135 დღე ისევ საომარი მოქმედებების ფონზე გათენდა. ახლა ინტენსიური ბრძოლები დონესკის მიმართულებით მიმდინარეობს. დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ დღეში 6 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქ კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დონეცკის ოლქში სულ მცირე 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1517 - დაშავდა.
პავლო კირილენკო განმარტავს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიშები მიიტანა ქალაქ სლავიანსკზე, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ბოლო 24 საათში განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად 2 ადანუაბუ დაიღუპა ქალაქ ავდიივკაში.
3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმას ხარკოვში, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის სოფლების მიმართულებითაც.