ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივლისი 2022, 14:50 826 ნახვა

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

„ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.

ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის.

 

ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის

 

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების მინისტრის განცხადებით, ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

"ჩვენი ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალურია. აქ იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი, რომელიც უკვე მზად არის, მიმდინარეობს ტესტირების ბოლო ფაზა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ორი ციკლოტრონი ჩვენს ცენტრს უნიკალურს ხდის, რადგან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას...

ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი. ადრონული თერაპიის დროს ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და ჯანსაღი არა. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მეორე ციკლოტრონი დაეთმობა სამეცნიერო პროცესს და როდესაც მხვდა ბედნიერება „ქართული ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად შევხვედროდი ამის შესახებ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ აქ ქართველ მკვლევრებთან ერთად აწარმოონ მაღალი დონის კვლევები. ადრონული თერაპიის ცენტრი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღიზრდება ქართველ მეცნიერთა ის მომავალი თაობა, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადრონული თერაპიის ცენტრში“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი