ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა. ისინი უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის ლიკა დიასამიძის გადაყენებას და თვითმმართველობის წესდების გადახედვას მოითხოვენ.
სტუდენტებმა უკვე დაიწყეს პეტიციაზე მუშაობა, რომლითაც ამ მოთხოვნებს დააყენებენ. ამბობენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს მისი პოლიტიკური გემოვნება სტუდენტებს თავს მოახვიოს, რაც მათი თქმით არ ემსახურება უნივერსიტეტის და სტუდენტების ინტერესებს.
ლიკა დიასამიძე ამ ეტაპზე ზარებს არ პასუხობს. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ამბობენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მასთან დაკავშირებული საკითხები არ ეხებათ.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, თვითმმართველობის წესდების თანახმად გადაწყვეტილებას თვითმმართველობა საერთო კრების უმრავლესობით იღებს. მანამდე კი მას წინ პროცედურები უძღვის.