საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა.
საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლიდან გამომდინარეც, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება.