გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 

31 იანვარი 2025, 10:39 75 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა. სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. შუამდგომლობის მიხედვით, დაკითხვისას ისეთი გარემოებები შეიძლება გაჟღერდეს, რაც კომერციულ საიდუმლოებას შეეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა მხოლოდ ერთი მოწმის ნაწილში დახურა.

„ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა. მისი ინფორმაციით, არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ.ბაჩიაშვილი არ ასახელებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში