აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გასულ წელთან ერთად თავმჯდომარის რანგში საქმიანობის ოთხი წელსაც აჯამებს.
სხდომის დაწყებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დარბაზიდან თორნიკე რიჟვაძის პირადი დაცვის გაყვანა მოითხოვეს, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს არის პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმა.
თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლის ანგარიშის წარდგენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით დაიწყო.
„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ. საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია.
მთელი რიგი მიმართულებით პროგრესი გვაქვს. მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ბიზნესის კეთების მიმართულებით. ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც ვალდებულებად გვქონდა აღებული.
არაერთი სირთულის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას აგრძელებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესში აჭარას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს,“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51% - ით.
„ 2022 წლის ივნისში, 12 ქვეყნიდან, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება. წელს რეგიონში შემოვიდა ხუთი ახალი ავიაკომპანია – Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. წელს პირველად რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა. ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაი, საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100-ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი“, – განაცხადა რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება.
„აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბოლო ოთხ წელში 300 მლნ ლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსი. დასკვნით ეტაპზეა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტადიონების, რაგბის მოედნების მშენებლობა, შუახევში აშენდება FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო სტადიონი. პროექტი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 100 სპორტული მოედანი, ხულოში დაიწყო სპორტული დარბაზის მშენებლობა. ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. შუახევსა და ქობულეთში რაგბის მოედნები აშენდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე განმარტებით, აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.
მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.
„ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი. მიზნობრივი ჯგუფებისათვის გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დაინერგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, შეიქმნა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. აჭარაში 2018-2022 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. 2022 წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად სრულდება ყველაზე დიდი სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა, სადაც 582 ოჯახს გადაეცემა ბინა და ეს პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა ოჯახი არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო საცხოვრისით.
2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება. უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების პროგრამულად დაფინანსდება. აჭარაში 2018-2022 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა:ბათუმში შენდება განათლების ქალაქი. აშენდა 11 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50 სკოლას. მიმდინარეობს 15 სკოლის რეაბილიტაცია და 4 სკოლის მშენებლობა. გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება – პროექტი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას უზრუნველყოფს.