სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება - რატი ბრეგაძე

24 მაისი 2022, 22:23 731 ნახვა

გარკვეული პირები ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, სრული სიცრუეა, თითქოს სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში“ უტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.

"მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ოჯახის წევრები გამოხატავენ აშკარა კმაყოფილებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, ყველამ დააცადოს მედიკოსებს მუშაობა, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები და თუკი იქნება ამის საჭიროება, ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა მსჯავრდებულ სააკაშვილს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცოტა ხნის წინ, კლინიკა "ვივამედმა” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში