ზუგდიდის "დინამო" და თბილისის "შევარდენი 1906" ჩემპიონატიდან მოკვეთეს

22 მაისი 2022, 22:56 951 ნახვა

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის „დინამოსა“ და საფეხბურთო კლუბ თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ.

სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის  სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის "დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე  დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;

ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას -  5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2 000 ლარი.

სფფ-ის  სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე

დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს  - 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.

სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან.

გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი