არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში საწვავის ფასები კიდევ დაიკლებს - ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 15:41 784 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში საწვავის ფასები კიდევ დაიკლებს.

„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი. კონკურენციის სააგენტოს აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შეხვედრა გვქონდა და დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ფასების ზრდის ეფექტი არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს იყო რამდენიმეკვირიანი. საწვავის საცალო ფასები რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეგრეთ წოდებულ ტაბლოებზე, მაჩვენებლებზე, მანიშნებლებზე.

შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. ამიტომ პრემიერის დავალებით, მე და ეკონომიკურ გუნდს კონკურენციის სააგენტოსთან გვექნება უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მასთან ვიმუშავებთ, რათა ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელებიც არ მგონია, ამ შემთხვევაში, არსებობდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი