ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფრო რთულიც, ვიდრე სააკაშვილს.
„თვითდაზიანებაზე პატიმარი თვითონ არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე და ყველა უწყება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით. თუმცა, რაც შეეხება, ამ სიმულაციებს, სპეკულაციებს და თვითდაზიანებას, მათ ვერ ექნება წარმატება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა წარმატებული საკუთარ სიმულაციებში, ეს არ უნდა დაუშვას არც ერთმა უწყებამ...
ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს, „ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ნუ სასაცილოა რბილად რომ ვთქვათ. მათი ბელადია სააკაშვილი. ეს ღიმილისმომგვრელია. გავიმეორებ, ეს არის სისტემა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ წლის განმავლობაში 150 პატიმარი კვდებოდა ციხეში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ.
ყველა პატიმარი არის უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. თქვენ რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ალბათ ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო რთულიც, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ იგივე ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ,,ომის პარტია'' ყველა განცხადებით მიუთითებს, რომ საქართველოში ომის გაჩაღება უნდათ.
„ეს არის ,,ომის პარტიის'' მორიგი პროვოკაცია. ყველა მათი განცხადებით ისინი მიუთითებენ, რომ უნდათ საქართველოში ომის გაჩაღება. ეს მათი მორიგი პროვოკაციაც არის, ამის მორიგი გამოხატულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.