საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებას სთავაზობენ.
რატი ბრეგაძის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი შერჩევით იღებს მედიკამენტებსა და საკვებს. სრულფასოვან მკურნალობაზე კი უარს ამბობს.
''მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება თავდებობასთან დაკავშირებით გაუგებარია.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებას, ამაზე არც ვიცი რამდენად ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს საერთოდ ეს ხალხი, რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული. ის საკუთარი გადაწყვეტილებით ამბობს უარს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.