უკრაინაში ომის მესამე თვე. უკვე 62-ე დღეა რუსეთის არმია ცეცხლს არ წყვეტს. ტელეგრამ არხებზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა რამდენიმე ფოტო, როლებშიც ჩანს, რომ პუტინის ჯარები მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დაბომბვას განაგრძობენ. იმისა მიუხედავად, რომ პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გააუქმა.
ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მიკოლაევზე, ხარკოვის რეგიონში დაბომბვებს კი 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დღეს დილით რუსულმა ძალებმა სამი თავდასხმა განახორციელეს.
რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დიდი რაოდენობით ტექნიკისა და პერსონალის მობილიზება განახორციელეს და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინსვლას ცდილობენ.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, ხერსონში ერთ-ერთი ეკლესიის სარდაფში ამ დრომდე რჩება 58 ბავშვი.
ლუდმილა დენისოვა დახმარებას სთხოვს ყველას, ვისაც შეუძლია მათი უსაფრთხო რეგიონში გაყვანა და ამ მიზნით ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში დაღუპული ბავშვების რაოდენობა 217-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი 391-მდე.