დღეიდან მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა

25 აპრილი 2022, 11:54 4004 ნახვა

2022 წლის 25 აპრილიდან, მხოლოდ ,,B“ და ,,BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად.

პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპი დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე, ხოლო მეორე ეტაპი გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს, უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

მათივე ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატის „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვება უფასოა (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა). პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 30 ლარს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) შეადგენს 90 ლარს, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური 160 ლარს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, იმავე კატეგორიის მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირის დაშვება შესაძლებელია ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან, არაუადრეს 30 კალენდარული დღისა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი