ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის. ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს.
ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ.
„კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული. კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების – სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ფასების ზრდის – მოგვარებისკენ მიმართონ“, – აცხადებს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.