ნატოს სურს იხილოს რეფორმების გაგრძელება და ასევე ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო - აპატურაი 

20 აპრილი 2022, 13:33 872 ნახვა

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში  ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე  ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველოში საკმაოდ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ვიზიტი დასტურია ნატოს გადაწყვეტილებისა, მეტი გაკეთდეს ალიანსის პარტნიორებისთვის.

აპატურაის თქმით, მადრიდის მომავალ სამიტზე ნატო დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ზოგადად და კონკრეტულად საქართველოს მიმართ.

„მე ჩამოვედი ნატოს მთავრობების გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოს და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში. რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უშიშროების რუკა ევროპაში და ის გრძელვადიანად შეცვალა. ეს გადაწყვეტილება ნატოს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეწყვიტოს ეს ომი, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაციისთვის, კიდევ ერთხელ, რათა ზეწოლა განვახორციელოთ ამ ომის შესაჩერებლად.

ნატო-ს ქვეყნების მთავრობებისთვის გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. ეს არის ის, რაც ასევე ფართოდ იგრძნობა პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ინტერპარტიული და კონსტიტუციური გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა გზავნილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნატოს სურს ასევე იხილოს რეფორმების გაგრძელება და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო აქ; სურთ, იხილონ მთავრობის და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა და ნახონ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური დაყოფების მიღმა. საკმაოდ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა აქ და ვფიქრობ, რომ ალიანსის მთავრობები ამას ფრთხილად აკვირდებიან”, – განაცხადა აპატურაიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში