საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.
მოცემულ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.