ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხალხის, ასევე სახელმწიფოს მიმართ და ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ყველა იყო ჩართული მმართველი გუნდიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც.
კობახიძე ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებსაც. „კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა, პრემიერიც; გავიზიარეთ შალვა პაპუაშვილის ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით. სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით.
ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ საინტერესო ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტებს რეგიონში მიმდინარე ომის დროს მოუნდათ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავის არ მიცემენ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების საშუალებას და არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას.