დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს

11 აპრილი 2022, 11:36 1475 ნახვა

დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს სამი ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს. 

პრემიერის თქმით, ამ გზით გენერიკული რეცეპტების დანერგვით არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაზღვეული იქნება.

„დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება.

 

ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომელიც ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან იყო, ეს უნდა ვაღიაროთ, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიებისა თუ მწარმოებლების მედიკამენტების ლობირების მიზნით, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა, დაზღვეული იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია.

"მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, დღეს 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორემ სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი წამალი, რაც იყო სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი ბევრად იაფია," - განაცხადა პრემიერმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში