საია მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს, დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების თანახმად, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი დემონსტრაციის კონტექსტში “ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების ეფექტს , რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება.