მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს - პრემიერი

11 აპრილი 2022, 11:14 950 ნახვა

დღეს მნიშვნელოვანი დღე არის. საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც მას ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

"ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, პროცესი დაწყებულია. ახლა მივიღებთ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული მასში და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი