პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვა. ცხედარს მდინარე ლიახვის პირას, კომბინატის დასახლებაში მიაგნეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა. მაშინ ის 11 წლის იყო. ფაქტთან აკავშიებით იაგო ნებიერიძე დააკავეს.
ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ნებიერიძემ ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა.
მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძეს გატაცების ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.
იაგო ნებიერიძე 2018 წელს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცების, ძალადობის და მკვლელობის ბრალდებითაც დააკავეს, გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე თქვა ნებიერიძემ, რომ ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილმდებარეობა იცის. მაშინ პოლიციამ გორის პარკში ძებნა დაიწყო, თუმცა, კვალს ვერ მიაკვლია. დღეს კი იაგო ნებიერიძის დედამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისმა შვილმა ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა იმიტომ, რომ მის დამარხვას შეესწრო.
მისივე განცხადებით, "პატიმრის და ბავშვის მშობლების თანხმობით, ერთობლივად გადაწყდა, რომ ცხედარი ეპოვათ".