საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს, აბსურდულია ეს ბრალდება - პრემიერი

08 აპრილი 2022, 13:16 1181 ნახვა

ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან, გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და ეს არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან, გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის.

 

იცით თქვენ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ჩვენი მკაფიო, ცალსახა პოზიცია."-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი მეგობრების მიმართ.

„არ მინდა, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ამიტომ ყველა განცხადებაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მინდა, მოვუწოდო ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, გავაგზავნოთ ჰუმანიტარული ტვირთები. ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი მეგობრების მიმართ. დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა, უკრაინაში გავაგზავნეთ 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი