დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

04 აპრილი 2022, 11:05 1211 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

„დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში.

ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა

მე პირობას გაძლევთ, რომ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემ საქმეს, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენი აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პრემიერმა, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობის სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადაიყვანოს არსებული ურთიერთობები.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი