რთულია იმის თქმა თუ რამდენი ლტოლვილი იმყოფება ქვეყანაში, თუმცა დაახლოებით საუბარია 20 ათას ადამიანზე - ლევან დავითაშვილი

28 მარტი 2022, 12:43 789 ნახვა

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა თუ რამდენი ლტოლვილი იმყოფება ქვეყანაში, თუმცა დაახლოებით საუბარია 20 ათას ადამიანზე - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინიდან წამოსულ მოსახლეობას, ჩვენთან რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია, დაახლოებით 20 ათასამდე უკრაინის მოქალაქეზე განაცხადა თავად უკრაინის საელჩომ. საზღვარზე შემოსვლებიც და გასვლებიც ფიქსირდება. შესაბამისად, ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ დაახლოებით 20 ათასის ფარგლებში იქნება. ძალიან რთულია ახლა ზუსტი მონაცემები გვქონდეს იმიტომ, რომ ზოგი ომის დაწყებამდე შემოვიდა და დარჩა ომის პერიოდში, დაახლოებით 20 ათასზე მეტი შემოვიდა, თუმცა ქვეყნიდან გასვლებიც არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელები დახმარებას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტიდან და ასევე კერძო დონაციების მეშვეობით იღებენ.

„ძირითადად, ორი ტიპის დაფინანსება გვაქვს. ეს არის სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები და მეორე, კერძო სექტორის დონაცია. ამ შემთხვევაში, ალბათ, არის დონორების დახმარებებიც. ძალიან რთულია, რომ კონკრეტული რიცხვები გითხარათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ დაკოორდინირდება და უფრო სრული სურათი გვექნება, ვინ, რა ნაწილ კონტრიბუციას ახდენს დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების კუთხით, თუმცა აქ მხოლოდ საცხოვრებელი პირობები არ არის. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა იმ ტურისტებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დაბრუნება და სასტუმრო ხარჯები ანაზღაურდა, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა რეგიონში ინიციატივები საცხოვრებელი ფართით დახმარების კუთხით, მათ შორის თბილისის მერიას ჰქონდა პროგრამები. შემდგომში იყო გარკვეული შეღავათები, რომელიც მუნიციპალურ სერვისებს უკავშირდებოდა, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებას, უფასო გადაადგილებას. ასევე იყო გარკვეული სახელმწიფო სერვისების უფასო მიწოდება, რომელიც ცენტრალიზებულ დონეზე მოხდა, შემდგომში განათლების სამინისტრომ დაიწყო მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის დაფინანსება და რეალურად, სწავლის შესაძლებლობები გაჩნდა ქვეყანაში, ასევე იყო სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე ინტერესი და ამის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება პოზიტიურად მიიღო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი