დადასტურებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები გაიხარჯა სააკაშვილის ფუფუნებისთვის, მათ შორის, მისი კულინარული ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე - ირაკლი შოთაძე

25 მარტი 2022, 11:23 1048 ნახვა

დადასტურებული ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მილიონები მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია.

„აქ საუბარი არის რვა მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბარია მილიონებზე. ფაქტია, და დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის. მათ შორის, მისი მეგობრების ძვირადღირებული კურორტების ტაილანდზე დასვენებისთვის დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, დაიხარჯა მისი კულინარული ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები ჩამოჰყავდა უცხოეთიდან და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასცემს, არამიზნობრივად დახარჯავს საბიუჯეტო სახელმწიფო ხარჯებს რა თქმა უნდა წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება.

მე შემიძლია გითხრათ, სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია, გიპასუხოთ რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, – ეს ერთი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ჩასატარებელია. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურა მისცემს ამ ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას და საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარის გამარჯვების ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება იმას, ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს ექვსი თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს. პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ, მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება. წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი“, – განაცხადა შოთაძემ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი