ბერულავა-საფინას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა

25 მარტი 2022, 09:53 1433 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ  მონპელიეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში.

ქართული დელეგაციის დებიუტანტმა წყვილმა, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ღირსეულად იასპარეზეს ჩემპიონატის ორივე სატურნირო დღეს და მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 191. 74 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელი გახდნენ.

სპორტულ წყვილებში და არა მარტო, ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომელსაც ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს მსოფლიო ჩემპიონატების დონეზე.  

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-4 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე  მე- 9 პოზიციით კარინა საფინამ  და ლუკა  ბერულავამ დაადასტურეს თავიანთი მაღალი სპორტული რეიტინგი და 2022 წლის სპორტული სეზონის საუკეთესო შედეგები აჩვენეს უფროსების კატეგორიაში.

საფინა- ბერულავას სპორტულმა წყვილმა ეს ჩემპიონატი ევროპელ სპორტულ წყვილებს შორის პირველი პოზიციით დაასრულა და საპრიზო ადგილები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანადის წყვილს დაუთმო.

ამ შედეგით საქართველომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სპორტული წყვილით მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით გამოდის. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში