ძალიან გული მწყდება, ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული, თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა - ამირან გამყრელიძე

22 მარტი 2022, 11:20 2226 ნახვა

გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დარჩენილია "ფაიზერის" ვაქცინის 400 ათასამდე აუთვისებელი დოზა. 

"შარშან ქვეყანამ 5 მლნ დოზა ვაქცინას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. აქედან „ფაიზერი“ გვქონდა 2 მილიონზე მეტი. აქედან 1 მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველად ჩამოსული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გვაჩუქა, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეს „ფაიზერი“ დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია ამერიკის დონაცია, რომელიც ივლისში პირველი შემოვიდა - სრულად ავითვისეთ აგვისტო-სექტემბერში. აცრის დღიური 23 ათასი მაჩვენებელი გვქონდა აგვისტოში, 20 ათასი - სექტემბერში. ასევე სრულად ავითვისეთ, მილიონი დოზა, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შემოვიდა მოგვიანებით. გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ. სხვა ვაქცინები - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე.

გეგმაა ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა - რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ვაქცინები მიმდინარე კვირაში გვექნება.

„რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ვაქცინები ნაჩუქარია და ფინანსურად არაფერი გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. მათ ვადა თვის ბოლომდე აქვს და ყოველდღიური აცრები ისევ მიმდინარეობს,'' - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი