პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.
„რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას, მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ“, – აცხადებენ უწყებაში.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.