მე-19 დღეა უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუს ოკუპანტებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, რეგულარული საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობს. 5 საათზე მეტია განგაშის სიგნალები ისმის უკრაინის რამდენიმე ქალაქში.
ჟიტომირის რეგიონში ადმინისტრაციულ შენობას რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ესროლეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. დაზიანებულია 7 შენობა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო“ ცენტრს, რომელიც ქალაქ ლვოვთან, პოლონეთის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, იერიში 30-მდე რაკეტით განხორციელდა, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასიური დარტყმაა უკრაინის დასავლეთ ნაწილში. შედეგად, დაიღუპა 35, ხოლო დაშავდა 130 ადამიანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა. მათ შორისაა, ოკუპანტების ოთხი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და ერთი დრონი, რომელიც გუშინ ჩამოაგდეს. კვლავ ოკუპანტების კონტროლის ქვეშ რჩება ქალაქი ტროსტიანეცი.