გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურება - ექსპერტთა შეფასებები და მოლოდინები

10 მარტი 2022, 15:33 1861 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვალს დილით, 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3025 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება დღეს 3.4019 ლარია.

რაც შეეხება ევროს, ამავე პერიოდში, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა თითქმის 30 თეთრით.

თუკი 24 თებერვლის დილით 1 ევროს ყიდვა 3,4063 ლარად შეიძლებოდა, დღეს მისი კურსი 3.7360 ლარია.

ექსპერტთა ნაწილი ლარის გაუფასურებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს. 

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ​ნეგატიურმა მოლოდინებმა მეტად გააუფასურა ლარი, ვიდრე ამის მაკროეკონომიკური ფაქტორები არსებობს.

"მოლოდინი არის ნეგატიური, რომ რუსეთის სანქციების გამო შემცირდება გზავნილები რუსეთიდან, ტურისტების რაოდენობა, ექსპორტი, ბაზარი ამაზე რეაგირებს"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.  

პარალელურად ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქის გარკვეულ უბნებში ბანკომატებთან მომხმარებლების რიგები შეინიშნება. მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ გაზრდილია მოთხოვნა დოლარზე, რის გამოც რიგ ბანკომატებში დღის ბოლოს ევროსა და დოლარის დეფიციტია.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, იმისათვის რომ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება არ მოხდეს ეროვნულმა ბანკმა მიგრანტებისვის დოლარზე ლიმიტი უნდა დააწესოს.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა დაეშვა ნახტომისებრი გაუარესება, რამაც ფსიქოლოგიური მომენტი ჩართო. მოსახლეობას სჭირდება თუ არ სჭირდება დოლარს ყიდულობს, იმისათვის, რომ შეინახოს.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი დაწესებული სანქციების ფონზე შეეცდება მოძებნოს ალტერნატიული არხები უცხოური ვალუტის მისაღებად. ეს იქნება სავარაუდოდ მოლდოვა და საქართველო, რომლებიც სანქციებს არ შეურთდნენ.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებისმიერი უცხოური ვალუტის შემოდინება ლარს ვერ გააუფასურებს, რადგან ამ დროს მეტად ჭარბია უცხოური ვალუტა, ვიდრე რეგიონალური ვალუტა.

გაგრძელდება თუ არა ვალუტის კურსის გაუფასურება - ექსპერტებს ამ ეტაპზე შეფასების გაკეთება უჭირთ. ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა შოკის ეფექტმა უკვე იმ დონეზე მიიყვანა ვალუტის კურსი, რომ მეტი არც გაუფასურდეს. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან იგი ბმაშია რუბლის გაუფასურების პროცესთან.

"თუ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდა, რუბლის გაუფასურება ლარის კურსზეც იმოქმედებს"- აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება უფრო პანიკურია და ობიექტური საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, პანიკური გადაწყვეტილებები აზიანებს მოსახლეობას და ბიზნესებს. 

"კარგი მონაცემები გვაქვს წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის ზრდის, სავალუტო გადმორიცხვების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდეთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იდენტური პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკსაც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ, მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის მაშინვე ისახება კურსში.

კობა გვენეტაძის თქმით, რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში.

" მომავალში მოსალოდნელია, რომ სიტუაცია აღარ გაუარესდეს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ლარი  უკვე გამყარებას დაიწყებს, ან კიდევ მეტად შეიცვლის თავის წონასწორულ მდგომარეობას. მაგალითად, თუ  სიტუაცია მეტად გაუარესდება, უკვე დიდი ნაწილი ასახული იქნება და კორექტირებას სულ ცოტა დასჭირდება"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე  გუშინ 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.3189 ლარი ეღირება, ევრო – 3.6607 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3644 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი