ბათუმის ''დინამომ'' ეროვნულ ლიგაში პირველი მარცხი იწვნია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი გორში ადგილობრივ ''დილას'' დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა.
მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილა გულშემატკივარმა 3 გოლი და ფეხბურთელებს შორის რამდნიმე დაპირისპირება იხილა.
53-ე წუთზე ბულისკრიას ცუდად მოგერიებული ბურთის შემდეგ თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიში გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა. 14 წუთში ტავარეშმა ონორე გომისს გაატანინა და გორელებმა წონასწორობა აღადგინეს.
83-ე წუთზე ბათუმელების შეცდომის შემდეგ გომისმა დაუცველ მაქაცარიას გადააწოდა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა და ''დილამ'' მოქმედ ჩემპიონს მნიშვნელოვანი 3 ქულა წაართვა.
შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ეპიზოდში ფეხბურთელებმა ემოციების შეკავება ვერ შეძლეს, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ემოციების აფეთქება მოხდა და მოედანზე მყოფი ყველა ადამიანი ჩაერთო კონფლიქტში, რომელიც მთავარი არბიტრის მხრიდან ბარათების ჩვენებით დასრულდა.
სამი ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' 6 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 13 მარტს საკუთარ მოედანზე თბილისის ''საბურთალოს'' წინააღმდეგ გამართავს.