საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი, თუმცა, ზუსტ სტატისტიკას შინაგან საქმეთა მინისტრი გაავრცელებს.
„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი-დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს ზუსტად და შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს...
ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. ვერ შევადარებთ გასულ წელს, რადგან 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველო არის თავისუფლების ერთ-ერთი იშვიათი კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ აქ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში საქმის კეთება.
დავითაშვილის განცხადებით, ყველა ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებული პირების ბიზნესები იყოს მიკვლევადი .
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები ვინც საქართველოში დღეს მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესო, იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო გახსნილია და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ათწლეულებია, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ასეთი გახსნილი ლიბერალური მათ შორის სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას
ამიტომ ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად, ეს იქნება რელიგია თუ სხვა, ჩვენ მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება.
ყველა ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებული პირების ბიზნესები იყოს მიკვლევადი და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება. მათ შორის იგივე საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში.
პროცესი წარვმართეთ ისე, რომ ერთის მხრივ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდეს და მეორეს მხრივ, ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ, ისე რომ საქართველო ამ მნიშვნელოვანი სანქციების თუ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. საქართველოში საქმიანობა იქნება შესაბამისობაში პირველ რიგში ჩვენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან და იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან, რომელიც არსებობს“, - განაცხადა დავითაშვილმა..