დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს - საქართველოს პრეზიდენტი

23 თებერვალი 2022, 13:05 1390 ნახვა

დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით დგას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველო დამოუკიდებელია, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს.

​''იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკრები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენობა, მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად. ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა. ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორიები იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათი ტერიტორიებზე შედის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების დამარცხებაა. ასე ჩანს, მაგრამ ასე  არ არის. 

რეალურად დღეს, როცა  პრეზიდენტის სასახლეზე კოჯორის მთაზე დაფლეთილი დროშაა აღმართული, დღევანდელ დროშასთან ერთად - ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა შეურყეველია. 

ჩვენ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით ვდგევართ. 

სინამდვილეში იუნკერებმა გაიმარჯვეს, დაგვიტოვეს მაგალითი, რომლითაც ჩვენ უნდა ვზრდიდეთ ახალგაზრდებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას არა აქვს მნიშვნელობა, დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს, თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გრწამს. 

ეს დღეს რეალურად გლოვის დღე არ არის და არასოდეს არ უნდა იყოს. არც 25 თებერვალი, არც ცხრა აპრილი. ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რადგან დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო ვართ და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს.

ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“ ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას ის სულისკვეთება გადავცეთ, რომელიც მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეებსა და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ ჰქონდათ; ნუთუ სკოლაში იმას ვასწავლით, თუ რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული; ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და მომავლის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება; ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია.

ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს; ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. ყოველდღიურად უნდა ვაღწევდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი