ქიქავას ქუჩაზე მცხოვრებლებმა დენის ჩართვის მოთხოვნით აქცია გამართეს. საუბარია ყოფილი საავადმყოფოს შენობაზე, სადაც 63 ოჯახი თვითნებურად არის შესახლებული.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ელექტრო ენერგიის მიწოდება პერიოდულად უწყდებათ, ვარაუდობენ, რომ პრობლემა 18 ათას ლარიან დავალიანებას ეხება, რომელიც ამ ოჯახების საერთო მრიცხველზე ფიქსირდება. ენერგო- პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ოჯახებს დენი ამ წუთებშიც მიეწოდებათ და დავალიანების გამო მათ პრობლემა არ შექმნიათ, რადგან მოლაპარაკება მიღწეულია.
მოქალაქეებთან ერთად აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ, მოთხოვნებს შორის ელექტროენერგიის პრობლემის გარდა, ბინების დაკანონება და საცხოვრებელი ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც გაახმოვანეს. მოქალაქეებს მთავრობის წევრები მათ პრობლემების შესწავლას დაპირდა.