რას აშენებს კომპანია ,,მეტრო ჰოლდინგი“ ბათუმში გოგოლის ქუჩაზე და რატომ დაიწყო მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ინვესტორმა ისე, რომ შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა? პირველ წერილობით განმარტებას მეტრო ჰოლდინგი სააგენტო ,,ბი-ემ-ჯი“ სთან აკეთებს,რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გოგოლის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი, საუბარია 300 ათას კვმ ფართობზე, კომპანიის საკუთრებაა 2010 წლიდან, და რომ, 11 წელია ცდილობენ პროექტის შეთანხმებას, შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოპოვებასა და პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანას.
ირწმუნებიან, რომ ტერიტორიის მასშტაბებიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში მუშავდებოდა ტერიტორიის ეტაპობრივი ათვისების გეგმაც, ამ პროცესს კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ ხელი შეუშალა, ტერიტორიის გარკვეული ნაწილისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლამ. ხელშემშლელ ფაქტორად ასახელებენ ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც, რადგანაც, როგორც ამბობენ, ვერ შეიკრიბა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ბათუმის საკრებულო.
,,მეტრო ჰოლდინგში მიაჩნიათ, რომ ბიუროკრატიული დაბრკოლებების საფუძველზე შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ კომპანია დაკარგავდა 250-ი მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს, შესაბამისად ინვესტორების მოლოდინებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არსებულ ნებართვაში ცვლილებების განხორციელება. განცხადებით ასევე ვიგებთ, რომ უნებართვოდ აშენებულ კორპუსებში ინვესტორი "ტექნოლოგიური პარკის" მოწყობას გეგმავს. ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ობიექტი დააკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, ყველა დაინტერესებულ პირს, ადგილზე გააცნობენ განსახორციელებელი პროექტის შინაარსსა და მნიშვნელობას.