ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ.
მათივე განმარტებით, ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. გამოკითხულთა 53% თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 52%-ს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
„ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, – აცხადებს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა. პასუხზე უარი განაცხადა, 12-მა პროცენტმა. ცხრა პროცენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასაახელა.
კვლევის თანახმად, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს.
მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.