გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

20 იანვარი 2022, 12:05 888 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე 5000-5000 გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით"- განაცხადა პროკურორმა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი