ბათუმის ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ 

19 იანვარი 2022, 15:57 1806 ნახვა

ძლიერმა შტორმმა, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი დააზიანა.  რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვა-ღორღითაა დაფარული. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი.

დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტების ნაწილი, დასასვენებელი სკამები და ა.შ. 

ბათუმში მეხუთე დღეა წვიმს და თოვს. ორი დღის წინ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმი იყო რა დროსაც ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. 

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმყოფებიან ''ბათუმის წყლის'' თანამშრომლები.

''გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროცესს ძლიერი ღელვა აფერხებს'' - აცხადებენ ''ბათუმის წყალში''. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბათუმის ახალი ბულვარი ძლიერი წვიმის დროს რამდენჯერმე დაიტბორა.

ბათუმის მერი ამბობს, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინსიტრომ განახორციელა და მერიას მონაწილეობა არ მიუღია. 

"დაზიანების ხარისხს შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ განვიხილავთ და დავგეგმავთ თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მსგავსი გამოწვევებისგან ქალაქი დაცული იყოს. მიმდინარე მოვლა-შენახვის თანხები მუნიციპალიტეტს, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას გააჩნია. დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა, ბათუმის მერიაც უზრუნველყოფს შესაბამისი ფინანსების მოძიებას თუ ამის საჭიროება იქნება. სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული თანხები"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

''ბათუმის ბულვარის'' ადმინისტრაცია ვიზიტორებს მოუწოდებს გაითვალისწინონ არსებული მეტეოროლოგიური ვითარება და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

უამინდობა აჭარაში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

23 დეკემბერს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შტორმმა პირსის ნაწილიც დაანგრია. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში