ჩვენ მოვაწერეთ ხელი მთავრობის განკარგულებას, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.
"საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნად წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გახსნილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვნად და სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები.
„მოგახსენებთ პრემიერის დღევანდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანას. ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს, თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს.
აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ქვეყნიდან და ყველა სხვა იმპორტირებული ქვეყნიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.