ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მუშაობენ რომ, სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა გადაიჭრას.
ნათია თურნავას განცხადებით, გამრიცხველიანება გაგრძელდება და მთავარი მოკავშირე ამ პროცესში უნდა იყოს თავად მოსახლეობა.
"ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე "ენერგო პროსთან", ვინც აწვდის ელექტროენერგიას სვანეთს, იმისთვის, რომ ეტაპობრივად ეს საკითხი გადაიჭრას.
ამ ეტაპზე სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ყველას კარგად ესმის, რომ მთავარია გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, ეს მათ ინტერესებშიც შედის. საერთო კოორდინაციით ეს საკითხი გადაწყდება. დაწყებული იყო კიდეც ეტაპობრივი გამრიცხველიანება იქ სადაც მრიცხველები არ იდგა, ეს პროცესი გაგრძელდება და მთავარი მოკავშირე ამ პროცესში ვფიქრობთ უნდა იყოს თავად მოსახლეობა, რომ იქ იყოს გამართული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ყველაფერი იყოს ამ კუთხით წესრიგში და გადაჭარბებული მოხმარების გამო არ მოხდეს შეფერხება, რადგან იქ ბევრი ტურისტული ობიექტი მუშაობს"- განაცხადა ნათია თურნავამ.
რამდენიმე დღის წინ, მესტიაში საპროტესტო აქციები გაიმართა, მოსახლეობამ კრიპტოვალუტის მაინერების გათიშვის ფიციც დადო.
კრიპტოვალუტის წარმოებისთვის საჭირო აპარატურის გამოყენების გამო, ელექტროგადამცემები მწყობრიდან გამოდის და რეგიონს რამდენიმე თვეა ელექტრომომარაგების პრობლემა აქვს, რაც მოსახლეობას და ტურიზმის სფეროს სერიოზულ ზიანს აყენებს. სვანეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, რაც მაინინგს მომგებიან ბიზნესად აქცევდა.
„ენერგოპროჯორჯიას“ ინფორმაციით, 7 მეგავატის ნაცვლად ზამთარში მესტია 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც გადამცემი ხაზები ვერ უძლებს და ხშირია ავარიული გამორთვა.