საპროტესტო აქცია მახვილაურში - მოსახლეობა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს

31 დეკემბერი 2021, 14:02 1378 ნახვა

მახვილაურში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათ დროებით ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაც შეაჩერეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ავტობანის სამშენებლო სამუშაოების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები  ზიანდება.

''გაუგებრობაში ვართ, ვერ ვხვდებით რა ვქნათ. ოთხი თვის წინ გავედით ქირით, ახლა ბათუმის მერია ქირის თანხასაც აღარ გვიხდის. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში? თავდაპირველად გვითხრეს თქვენს სახლზე ისეთი ბზარები არ არის, რომ ვერ იცხოვროთო. შემდეგ ექსპერტიზამ თქვა გარემონტებას არ ექვემდებარებაო. 

 

​ვითხოვთ ფართი მოგვცენ, რომ ის სახლი დავტოვო.  ორი წელია, რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყეს და მას შემდეგ თითქმის ყველა სახლს პრობლემა შეექმნა. ალბათ რაღაც პრობლემები მანამდეც იყო, ობიექტურად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ახალ ცხოვრება გვეშინია.  რვა ოჯახია გაყვანილი ქირით. ველოდებით გადაწყვეტილებას, ვიცოდეთ რა ბედი გველის'' - აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილობრივების განცხადებით, 5 კორპუსში მცხოვრები 130-მდე მოსახლე საფრთხის ქვეშაა.

"ბურღვითი სამუშაოების გამო, დაიბზარა და ჩამოიწია ჭერი, კედლები. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ ეს კორპუსები გამაგრებას არ ექვემდებარება, თუმცა რეაგირებას არავინ ახდენს. რამდენიმე ოჯახში ჭერი ჩამოინგრა და ისინი ქირით გაიყვანეს. ვითხოვთ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას"- აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. მისი განცხადებით, თუ 10 დღის განმავლობაში ამ ხალხთან არ მოვა პასუხისმგებელი პირი კომპანიიდან ან მთავრობიდან, კონკრეტული შემოთავაზებით, პროტესტი გაგრძელდება.

უფლებადამცველი ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას მოუწოდებს, მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები საბინაო ფონდიდან გადასცენ.

''კვლევები ჩატარდა, მომზადდა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ გამოკვეთილია კომპანიის ბრალეულობა. ამ დოკუმენტს პოლიცია რატომღაც მალავს. ამ დასახლებიდან წარმომადგენლები იყვნენ პოლიციაში, სადაც უთხრეს მოქალაქეებს, რომ კომპანიის ბრალეულობა იკვეთებოდა. როცა სამართალდამცველებისგან ეს დოკუმენტი მოითხოვეს, არ გადასცეს. ოჯახები საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სულ, რომ არ იყოს კომპანიის ბრალეულობა აქ ადამიანებს  ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ მთავრობამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა. ყველა მშენებარე კორპუსში ბათუმის მერიას წილი და შესაბამისად ბინები აქვთ, რომლებიც დაკეტილია. გადასცენ მოქალაქეებს'' - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი