მესტიაში ელექტროენერგიის სრულყოფილად მიწოდების მოთხოვნით აქცია გაიმართა

29 დეკემბერი 2021, 20:18 1643 ნახვა

ელექტროენერგიის სრულყოფილად მიწოდების მოთხოვნით მესტიაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მესტიას ელექტრომომარაგება არასტაბილურად მიეწოდება. მიზეზი გაზრდილი ელექტრომოხმარებაა. როგორც ცნობილია, მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. 

არსებული ინფორმაციით, უკანონო ბიტკოინების მწარმოებელი ფერმების გამო, რეგიონში ელექტრომოხმარება 300%-ით გაიზარდა, რასაც ელექტროსადენები ვერ უძლებს და იწვება. 

აქციის მონაწილეები "უკანონო მაინინგის" პრობლემის აღმოფხვრის მოთხოვნით გამოდიან და ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გადამწვეტი ზომები უნდა იქნას მიღებული. 

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა, ადგილობრივ ელენე განაიას, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა.

"-25 გრადუსში გვძინავს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ ადამიანებს. აქცია დროებით დაიშალა, ხვალ იკრიბებიან წმიდა გიორგის ტაძართან, ოჯახიდან თითო კაცი უნდა გამოვიდეს და მოხდეს ხატზე დაფიცება, თუმცა ეს რამდენად უშველის ნამდვილად არ ვიცი. ცოტა ხნის წინ აანთეს შუქი, მოხდა აქციის დაშლა. ახლა ისევ გათიშეს გარკვეულ უბნებს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის აუცილებელი პირობების მოთხოვნის აქცია. ძალიან რთული ვითარებაა, კოტეჯები მაქვს, სტუმრები გამეყინენ, წყლის სისტემები დასკდა. ხვალ მომდის კიდევ 10 სტუმარი, მაგრამ მაგაზე არ ვყვირი, მოკვდავი ადამიანი ვარ, სანამ ტურიზმზე ვისაუბრებ ელემენტარულ სასიცოცხლო პირობებზე ვსაუბრობ, ორი შვილი მყავს მეყინებიან ბავშვები, გარდა იმისა, რომ ვალდებულება მაქვს სტუმრების მიმართ, ადამიანები ვართ გვჭირდება ელექტროენერგია", - აცხადებს ელენე განაია.

მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სვანეთში უკანონო კრიპტოვალუტების წარმოება უნდა აიკრძალოს.

"ელექტროენერგიის შეწყვეტის პრობლემა, მესტიაში უკვე რამდენიმე წელია დგას. ამის საფუძველი კი შეიძლება ითქვას, რომ სვანეთის ელექტროენერგიის უფასოდ მომარაგებაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებით, სვანეთის მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. უფასო ელექტროენერგიით კრიპტოვალუტის წარმოებამ კი საბოლოოდ მესტია ელექტროენერგიის გარეშე დატოვა", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ცოტა ხნის წინ „სემეკის“ ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სვანეთში უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში დაყადაღდეს კიდეც.

„უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, შესაბამისად რეალურად ობიექტებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია - ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს და ა.შ. უწყვეტად მიეწოდოთ და ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი