ნაგავსაყრელიდან უვარგისი და ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური 

29 დეკემბერი 2021, 10:25 2477 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი