სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მარინე იმერლიშვილი ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ 11 საათზე გამოაცხადებს. მოსამართლემ დღეს მხარეთა რეპლიკა მოისმინა, რის შემდეგაც იგი სათათბირო ოთახში გავიდა. პროცესს დისტანციურად ესწრებოდა დაცვის მხარე.
ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეს ერთადერთი ბრალდებული ჰყავდა. ლევან სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ჭილაიამ 2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება. მოკლული ახალგაზრდა ბიჭია ოჯახი აცხადებს, რომ ლევან სირაბიძეს ხელი მისმა ბიძაშვილმა რიჩარდ სირაბიძემ დააფარა, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია ქართული ოცნებიდან.
ბათუმში 11 მარტს მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და პირველი ინსტაციის მიერ გამართლებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.