სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ლევან სირაბიძეს 5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა

11 ივლისი 2024, 11:22 957 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორის განმარტებით, უნდა მოხდეს სირაბიძის დაუყოვნებლივ დაკავება, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.

დაცვის მხარე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს, ადვოკატი სატელეფონო ზარებს ამ დროისთვის არ პასუხობს. 

ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეს ერთადერთი ბრალდებული ჰყავდა. ლევან სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ჭილაიამ  გასული წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და  გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. 

შეგახსენებთ, ბათუმში გასული წლის 11 მარტს  მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და პირველი ინსტანციის მიერ გამართლებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით  საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს  პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი