რატომ ვერ აშენდა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი - ''ლელოს'' ბრიფინგი 

20 დეკემბერი 2021, 15:36 1641 ნახვა

''ლელოს'' ბათუმის ორგანიზაციის წევრებს აინტერესებთ, რატომ ვერ აშენდა ამ დრომდე, ლადო ასათიანის ქუჩაზე, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი, რომლის მშენებლობაც აჭარის მთავრობამ 2017 წელს დააანონსა.

''ლელოს'' წევრების თქმით, ლადო ასათიანის ქუჩაზე ის ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, კვლავ შემოღობილია. მათივე განცხადებით, კანადური კომპანია "ვესტინკორ ლიმიტედს'' 20 მილიონიანი პროექტის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის წესით დაევალა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით კომპანია პროექტიდან გავიდა და აჭრის მთავრობას ავანსად ჩარიცხული თანხის 20% უკან დაუბრუნა.

''ლელოს'' განცხადებით, ახლა კომპანია ექპერტიზის შედეგებს ელოდება, რომლითაც უნდა დადგინდეს რა თანხა დაიხარჯა გაწეული სამუშაოებისთვის, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს.

''2017 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაგვიანონსა, რომ აქ იქნებოდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოების წარმოება გამარტივებული შესყიდვის გზით დაევალა კანადურ კომპანიას. აქ არანაირი კომპლექსი არ არის, გვაინტერესებს რატომ არ არის? უკვე მეორე ახალი წელი მოდის და ბათუმელებს არ აქვთ პასუხი სად აშენდება ის კომპლექსი, რომელიც დაანონსებული იყო. დღემდე გვეუბნებიან რომ ტერიტორიაზე ექსპერტიზა ტარდება. გვაქვს ეჭვები გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. გვინდა მეტი საჯაროობა'' - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

''ლელოს'' წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ. უწყების ინფორმაციით,  სამუშაოების ნაწილი კომპანია "ვესტინკორ ჯორიამ" შეასრულა, ახალი კომპანია კი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეირჩევა.

''სამინისტრო განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს, რაც ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს.  2022 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია 100 000 ლარი აღნიშნული პროექტისთვის. კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის დიდმალიანი მოდულური კონსტრუქცია, ე.წ ,,კაფსულა“, ასევე ვენტილაცია და განათების პროჟექტორები, რომლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა'', - აცხადებენ სამინისტროში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი